სასტუმრო „სტამბა“ აჭარა ჯგუფის ძვირფასი შენაძენია. ის ცალკე შენობას იკავებს ყოფილი საგამომცემლო სახლის იმავე კომპლექსში, რომელშიც სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ია განთავსებული. „სტამბას“ კონცეფცია წარმატებულად აგრძელებს „რუმსის“ ფილოსოფიას, რომელიც ურბანულ კონსერვაციასა და დიზაინში ადგილობრივი კულტურის წინ წამოწევას გულისხმობს. ამასთან ერთად, „სტამბა“ თანამედროვე თბილისის ტალანტებისა და ახალი ტენდენციების აღმოჩენის კერაა. 

ვებსაიტი

დიზაინზე ორიენტირებული ოთახებით თუ რესტორნის, ბარისა და კულტურული სივრცეების უნიკალური კონცეფციებით სასტუმრო წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებზე. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განახლებულმა და ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტების მიერ მართულმა ამ მიმზიდველმა სასტუმრომ მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2018 და 2019 წლებში Stamba Hotel-მა AHEAD Europe-ის წლის საუკეთესო კონცეფციისა და AHEAD Global-ის ხალხის არჩევანის პრიზები მიიღო.