Covid-19-ის პანდემიამ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მსოფლიო მასშტაბით უპრეცენდენტოდ აზარალა. სასტუმროებსა და რესტორნებს მოუხდათ ფუნქციონირების დროებით შეჩერება და მილიონობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. აჭარა ჯგუფი აქტიურ ნაბიჯებს დგამს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისა და, რაც მთავარია, საკუთარი თანამშრომლების დასახმარებლად. 

ფონდი 1ანობა

ფონდი 1ანობა 2020 წლის მარტში დაარსდა აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძისა და ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მენეჯერის, სანდრო კანდელაკის მიერ. გაერთიანებული ძალების ეს პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედების, ხანშიშესული ადამიანების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, რომლებსაც განსაკუთრებით გაუჭირდათ პანდემიის დროს.

ფონდის მიზნების განხორციელებაში მთავარი წვლილი მოხალისეებსა და დონორებს შეაქვთ. ინიციატივაში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და 2,000-ზე მეტი დამოუკიდებელი მოხალისე. ფინანსების მობილიზებისთვის პერიოდულად ტარდება საქველმოქმედო ღონისძიებებიც, შედეგად კი 1ანობა საქართველოს მასშტაბით უკვე 6000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა. 

უსაფრთხოების ახალი სტანდარტები

Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე აჭარა ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც შემუშავდა კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები. ახალი რეგულაციებით დაცულია ფიზიკური დისტანცირება, პრიორიტეტი ენიჭება გაძლიერებულ დასუფთავებას და პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც ამარტივებს დაწესებულებებში შესაძლო საფრთხის დაუყოვნებლივ გამოვლენას.

პლატფორმა #TOGETHER

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კამპანიას #TravelTomorrow აჭარა ჯგუფი ახალი ინიციატივით შეუერთდა. Covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა პლატფორმა #Together, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსით გამოწვეული ზარალის შემცირებას. 

ინიციატივის მთავარი მიზანია, დაეხმაროს აჭარა ჯგუფის თანამშრომელთა დიდ ოჯახს იმ სირთულეების დაძლევაში, რაც მათ პანდემიამ შეუქმნა. გარდა ამისა, კომპანია აცნობიერებს ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მნიშვნელობასაც და, სწორედ ამიტომ, #Together პლატფორმის მიერ მობილიზებული თანხების ნაწილი ფონდ 1ანობაში ირიცხება.

„უდაბნოს“ ალტერნატიული დასაქმების პროგრამა

საქართველოში Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს აჭარა ჯგუფმა სტუმარმასპინძლობის ყველა ობიექტის ფუქნციონირება შეაჩერა, რამაც გუნდის ბევრი წევრისთვის გაურკვევლობა და ფინანსური არასტაბილურობა მოიტანა.

თანამშრომლების შენარჩუნებისა და მათთვის ახალი სამუშაო შესაძლებლობების გაჩენის მიზნით შეიქმნა „უდაბნოს“ ალტერნატიული დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის პერსონალს ჰქონდა საშუალება დაკავებულიყო ისეთი საქმეებით, როგორიც არის მარწყვის დაკრეფა, კამეჩებისა და თხების ფერმის მოვლა და სხვა.

საქველმოქმედო ინიციატივა Glovo და Wolt–თან ერთად

ფონდი 1ანობის ფინანსური შესაძლებლობების გასაზრდელად აჭარა ჯგუფმა ერთობლივი კამპანია წამოიწყო საკურიერო მომსახურების კომპანია Glovo-სა და Wolt-თან ერთად. ინიციატივის ფარგლებში, Cafe Stamba-სა და Lolita-დან კერძების შეკვეთისას ორი ლარი ფონდ 1ანობაში ირიცხება. შემოწირულობის ნახევარს უზრუნველყოფს აჭარა ჯგუფი, ხოლო მეორე ნახევარს ის პლატფორმა, საიდანაც მომხმარებელი სასურველ კერძებს იძახებს.