USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი Rooms Hotel Abastumani-ს ეწვია
აჭარა ჯგუფის ჰოლდინგსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, Rooms Hotel Abastumani-ს ეწვია USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი. შეხვედრაზე მხარეებმა სასტუმროს შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.
აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ასევე თანამშრომლობს Wings and Freeman Capital-თან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციიდან (DFC) დაფინანსების მოზიდვაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება Rooms Hotel Abastumani-ს განვითარება.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი აბასთუმნის სასტუმროს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს. ამასთან ერთად, კომპანია იმუშავებს მოწვეულ ექსპერტებთან გამაჯანსაღებელი ტურისტული სერვისებისა და უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე.
Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება. პროექტი დაახლოებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.
აბასთუმნის უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარე სასტუმროში, დაახლოებით 76 ოთახთან ერთად, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. Rooms Hotel Abastumani-ის რესტორანი და ბარი კი სტუმრებს შესთავაზებს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის ფერმიდან-მაგიდაზე კონცეფციის გასტრონომიულ პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება ჯანსაღ კვებაზე.
Rooms Hotel Abastumani-ს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ობიექტები და პროგრამები. საერთაშორისო ტენდენციებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.