აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის კომპანია უდაბნო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს

12 აპრილს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთში, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია — „პანდემია — შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა.  ღონისძიებას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის კომპანია უდაბნომ უმასპინძლა, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბურ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში უდაბნოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს უდაბნოს მეურნეობის ბაზაზე სტუდენტების სტაჟირებას.

უდაბნოს დირექტორმა, ნინო კვერნაძემ შეხვედრაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს აგროტურისტული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენი კომპანიის მიზანია არა მხოლოდ აგრიკულტურის და აგროტურიზმის განვითარება საქართველოში, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება და ცოდნის ამაღლება. ეს ყველაფერი, კი ერთობლიობაში ხელს უწყობს საქართველოში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და სიღარიბის, უმუშევრობის შემცირებას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დღეს 400-ზე მეტი ადგილობრივია ჩვენთან დასაქმებული სხვადასხვა აგრონომიული სამუშაოების შესასრულებლად.“ — განაცხადა ნინო კვერნაძემ.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის, agrogate.world  პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა. ონლაინ პლატფორმის agrogate.world  საშუალებით, ტურისტს შესაძლებლობა ექნება,  დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ისე  მასტერკლასებში მონაწილეობის მომსახურება.